ცხრა შეკითხვა მედიაციის შესახებ


1.
        რა გქვია?
        ამირან ლაშხი
        რომელ კლასში ხარ ამირან?
        მეხუთეში
        კლასში ვინმესთან ხო არ ჩხუბობ ხოლმე?
        კი, ეე ამ გასიებულთან
        მაგას რა ქვია?
        ლაშა
        რაზე ჩხუბობთ ხოლმე შენ და ლაშა?
        რავიცი ხან რაზე, ხან რაზე
        მერე როგორ რიგდებით ხოლმე?
        არ ვრიგდებით, ეხლაც ნაჩხუბრები ვართ, წეღან ვიჩხუბეთ
        ამირან, როგორ გგონია რა არის მედიაცია?
        ცვლილება
        რისი ცვლილება?
        რავიი, ნებისმიერი რამის, მაგალითად ადამიანის სახის, ერთი გრძნობიდან მეორეში გადასვლა, ანდა წყლის ყინულში გადაყვანა ან რამე ეგეთი


2.

        რამდენი წლის ხარ ანდრო?
        თერთმეტის
        და ან ძმა გყაავს?
        კი, აი ესაა ჩემი და – ანკა
        ჩხუბობთ ხოლმეე?
        კიი
        მერე როგორ რიგდებით?
        რავიცი, ჩვეულებრივ, ერთ სიტყვას გადმომიგდებს ხოლმე, მეც ერთ სიტყვას ვეტყვი და ასე
        ბოდიშს უხდი ხოლმე?
        არააა, რის ბოდიში
        არც შენ ანკა?
        არაა
        მშობლები ხო არ გეხმარიებიან ხოლმე შერიგებაში?
        არაა... ჩვენით, ისე თითქოს არაფერიც არ მომხდარა საერთოდ, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ლაპარაკს
        როგორ ფიქრობ რა არის მედიაცია?
        ოპერაციაა მგონი
        რისი?
        ქირურგიული
        ანკა შენ რას იტყვი რა არის მედიაცია?
        მეც იგივეს ვიტყვი ოპერაციაა ალბათ
        იგივე არა, შენ რაც გონია ის მითხარი
        კლინიკური სიკვდილია?

3.
        მე ვიჩხუბე ჯოხაძესთან!
        სახელი არ აქვს?
        კი, აკაკი ჯოხაძესთან
        შენ რა გქვია?
        დათო
        რამდენი წლის ხარ?
        ათის
        როგორ სწავლობ დათო?
        ნორმალურად
        აბა რაზე იჩხუბეთ შენ და აკაკიმ?
        რაზე ვიჩხუბეთ და ფიზკულტურის გაკვეთილზე ჯოხაძე იცი რეებს მეძახდა?...
        კაი არ მითხრა, ის თქვი როგორ შერიგდით
        ჯერ ქართულის მასწავლებელმა შეგვარიგა მარა მაინც არ ველაპარაკებოდით და მერე თვითონ მითხრა მოდი შევრიგდეთო და მეც შევურიგდი
        შენი აზრით რა არის მედიაცია?
        აუჰ... რაა? მედიაციაა?... ალბათ რამე ინფორმაციას თუ გამოაცხადებენ ტელევიზიით ან შეიძლება იოგისტები რომ ჯდებიან და ხელებს რომ განზე წევენ ეგ

4.
        უკაცრავად, თქვენი სახელი?
        ნათია
        გვარი?
        გუჩუა
        რამდენი წლის ხარ ნათია?
        ცხრამეტის
        დავა ან კონფლიქტი თუ გაქვს ვინმესთან?
        არა, მე უკონფლიქტო ადამიანი ვარ და არც არავის არაფერს ვედავები
        მაინც იქნებ გაიხსენო? ადრე ხომ არ მოგსვლია ვინმესთან კამათი?
        კი, ბავშვობაში მეზობელს ველოსიპედი არ ვათხოვე და თავში რკინა ჩამარტყა.
        როგორ ცდილობ ხოლმე კონფლიქტის მოგვარებას?
        თუ ჩემი ბრალია მაშინ ვცდილობ დაველაპარაკო ადამიანს და ერთად განვიხილოთ ეს საკითხი და თუ ჩემი ბრალი არაა ერთი სიტყვით ვიკიდებ
        ნათია როგორ ფიქრობ რა არის მედიაცია?
        მედიტაცია რომ გეკითხა უფრო უკეთ გაგცემდი პასუხს. რადგან ესეთი კითხვები დამისვი მედიაცია რამე კონფლიქტების შესწავლა და გაუგებრობების აღმოფხვრაა?
        მედიაცია დავების და კონფლიქტების ალტერნატიული მოგვარების საშუალებაა, რომლის დროსაც მხარეები მედიატორის დახმარებით იწყებენ მოლაპარაკებას და ცდილობენ იპოვონ გამოსავალი. მედიატორი ხელს უწყობს მოლაპარაკების პროცესს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მხარეები იღებენ.
        გასაგებია, კაი რაღაც ყოფილა ეგ მედიაცია
        ის კონფლიქტი როგორ დამთავრდა? შენი და შენი მეზობლის
        მედიაციას მივმართეთ, მშობლების სახით, ეხლა ვმეგობრობთ.


5.
        რამდენი წლის ხარ ანი?
        ოცდაერთის, და გულს მიკლავს ეგ ფაქტი..., ეს ისე...
        რატომ?
        რავიცი რაღაც უცებ გავიზარდე
        რას ამბობ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ...
        ანი დავა ან კონფლიქტი ხომ არ გაქვს ვინმესთან?
        კონფლიქტი? :D
        ჰო, რაიყო რაზე გეცინება?
        სექტაში ხომ არ მაწევრიანებ სადმე? :D... ჩემს თავთან მაქვს ოხრად
        მაინც რაზე?
        აი მაგალითად ეხლა აქ სეირნობას ხო ჯობდა მემეცადინა და ღამე არ გამეთია მერე, მაგრამ ნურას უკაცრავად არ მიჯერებს.
        როგორ ცდილობ ხოლმე კონფლიქტის მოგვარებას?
        რა ვიცი აბა, თუ გარეგან კონფლიქტზეა ლაპარაკი კონსენსუსის მიღწევას ვცდილობ ალბათ და კომუნიკაციას, რაც განსხვავებული და არასწორი ინტერპრეტაციების გაჩენას უშლის ხელს; ხშირად გადავადების სტრატეგიასაც მივმართავ ხოლმე, თუ შინაგანზე – კოგნიტური დისონანსის შემცირებას.
        ოჰოო, შენ როგორც ჩანს კარგად ერკვევი ამ საკითხში.
        კონფლიქტის ფსიქოლოგია მაქვს გავლილი...
        კოგნიტური დისონანსის შემცირება რა არის? დანარჩენებს ასე თუ ისე მივხვდი
        კოგნიტური დისონანსი ადამიანს აწუხებს მაშინ, როდესაც მისი ფიქრი, აზრი, განწყობა–დამოკიდებულება და საქციელი ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს მოკლედ რომ ვთქვათ.
        და მერე მაგის შემცირებას როგორ ახდენ?
        ორი ვარიანტი არსებობს ზოგადად ან აზრს იცვლი ან საქციელს
        უფრო მარტივი რომელია შენთვის?
        როგორც წესი აზრებს იცვლიან ხოლმე ადამიანები, იმიტომ რომ საქციელის შეცვლა უფრო რთულია. მაგლითად რამე ისეთს რომ აკეთებ, რაც იცი, რომ არასწორია, მაგრამ მაინც აკეთებ და შინაგანად ათასი რაღაცით იმართლებ თავს. ან თუნდაც საკუთარ მაგალითზე რომ ვთქვა სწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რაც რეალურად არ მოგწონს, მაგრამ ეძებ რაღაც დეტალებს, რაც შეიძლება უფრო მოგეწონოს და მთლიანობაში იქმნი წარმოდგენას, თითქოს მოგწონს, ანუ იცვლი დამოკიდებულებას და არა პროფესიას... მაგრამ რეალურად, ან უბრალოდ ჩემი აზრით, ქცევას რომ იცვლი ეგ უფრო მაგარია და ეგ არის შინაგანი კონფლიქტის გადაჭრა და არა თავის მოტუება. მაგალითად თავს კი არ იმართლებ, უბრალოდ აღარ აკეთებ იმას რაც არ მოგწონს ან მეორე შემთხვევაში მოსაწონ მიზეზებს კი არ ეძებ, იცვლი პროფესიას...
        ძალიან საინტერესოა!
        სამწუხაროდ ქცევის შეცვლა უფრო ძნელია პრაქტიკაში ვიდრე აზროვნების
        ანი მედიაცია თუ იცი რა არის?
        რაღაც შეთანხმება–შუამდგომლობა– ურთიერთთანამშრომლობის მაგვარი

6.
        ნინო ჩოლოყაშვილი
        რამდენი წლის ხართ ნინო?
        რაში გაინტერესებს?
        არაფერი, ისე...
        დავა ან კონფლიქტი გქონიათ ვინმესთან?
        არა, ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ, თუმცა, კი, საუკეთესო მეგობართან ვიჩხუბე  ბოლო ზარის წინა დღეს, ქმარს ვეჩხუბები უაზრობებზე, ოღონდ 5 წუთით, დედამთილთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არასდროს გვიჩხუბია. კიდევ რა გაინტერესებს?
        როგორ ცდილობთ ხოლმე კონფლიქტის მოგვარებას?
        ჩემს თავს ვუღრმავდები და ბოდიშს ვიხდი თუ დამნაშავე ვარ, ხშირად მაშინაც, როცა დამნაშავე არ ვარ.
        ეგ ბოლო რაღაც არ მჯერა
        რატომ? მართლა ასეა სხვათაშორის, ოღონდ მარტო ჩემს ქმართან, გიორგისთან
        ანუ მარტო ქმართან გიადვილდებათ ბოდიშის მოხდა?
        აბა თვითონ არ უყვარს ბოდიშის მოხდა და...
        როგორ პატიობთ?
        მალე ვპატიობ ადამიანს უბრალოდ შეცდომას გააჩნია... მოკლედ ღალატს ადვილად ვერ ვპატიობ, თუმცა ვპატიობ; უბრალოდ რათქმაუნდა ნდობა მეკარგება, უფრო ფრთხილი ვხდები მერე იმ ადამიანთან ურთიერთობისას.
        თქვები აზრით პატიება სად იწყება, გულში თუ გონებაში?
        გულში იწყება, არა მოიცა, დავფიქრდე, ადამიანს გააჩნია ვისაც პატიობ... მაგრამ მაინც გულიდან იწყება
        ნინო, როგორ ფიქრობთ, რა არის მედიაცია?
        არ ვიცი, ან არ მახსოვს, სავარაუდოდ კონფლიქტებთან იქნება დაკავშირებული, კონფლიქტების მოგვარებასთან
        ის კონფლიქტი როგორ დასრულდა? თქვენი და თქვენი საუკეთესო მეგობრის?
        ისეთი ახლო მეგობრები აღარ ვართ, თუმცა ახლოს ვარ, ყოველდღე ველაპარაკები თითქმის. თუმცა ამის მიზეზი მარტო ის კონკრეტული კონფლიქტი არ ყოფილა, ჩვენი ინტერესები იყო ალბათ სხვადასხვა.
        ეხლა რომ ისევ მეგობრობთ ეგ რამ გამოიწვია თქვენი აზრით?
        გავიზარდეთ... მე ძალიან შევიცვალე, განსაკუთრებით გათხოვების შემდეგ, ადამიანებთან უფრო მარტივად ვპოულობ საერთო ენას.

7.
        თქვენი სახელი?
        ჩაჩანიძე კოტე ბიძია
        რამდენი წლის ხართ?
        სამოცდაორის
        დავა ან კონფლიქტი თუ გაქვთ ვინმესთან?
        კონფლიქტის მეტი რა მაქვს, აი სითი პარკი დადის აქანა და მიშლის ხელს სტაიანშიკად მუშაობაში, ებრაელების დაფუძნებული ფირმაა მაგი, მაფია!
        როგორ ცდილობთ ხოლმე კონფლიქტების მოგვარებას?
        ტკბილი სიტყვით
        მედიაციაზე თუ გსმენიათ რამე?
        არ ვიცი შვილო, პირველად მესმის
        მედიატორიც არ გაგიგიათ?
        მედიატორი შუამავალია საერთოდ, ადამიანი, პიროვნება, კონფლიქტს აგვარებს ერთმანეთში, ერთ პიროვნებას და მეორეს შორის, ეგ არის მეტი არაფერი

8.
        ნაზიკო ბებო შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ?
        მითხარი ჰოო შვილო...
        მედიაციაზე თუ გსმენიათ რამე?
        მედია?
        არა მედიაცია
        არა შვილო, არ ვიცი მასეთები
        დავა ხომ არ გაქვთ ვინმესთან?
        ჰა? მე არაფერი არ მეყურება, ცოტა ხმამაღლა
        ვინმესთან უთანხმოება ხო არ გაქვთთქო ან კონფლიქტი?
        რაღა დროის ჩემი კონფლიქტებია შვილო, მოვილიე ეგეთები, ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ შვილიშვილებს როგორ ვასიამოვნო

9.
„მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა?“
        მაინც რა არის მედიაცია? როგორი ბუნებისაა იგი და ვისურვებდით თუ არა ამ ინსტიტუტის დამკვიდრებას საქართველოში?
პირველ რიგში ვიტყვი, რომ მას არავითარი საერთო არ აქვს მედიტაციასა და მედიცინასთან. მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული პროცესია, რომლის დროსაც დავის მხარეები, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებითა და ნეიტრალური მესამე პირის დახმარებით ცდილობენ იპოვონ კონფლიქტის მოგვარების ორივე მხარისათვის მისაღები ვარიანტი. მედიატორის როლი რჩევის მიცემით შემოიფარგლება და შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ მხარეებზეა დამოკიდებული. მედიაციის დროს მხარეთა პრეტენზიები უკანა პლანზე გადადის და ხდება მათი ინტერესების გამოკვეთა. მხარეთა თავისუფალი ნება საფუძვლად უდევს მთლიანად მედიაციის პროცესს, სწორედ ეს არის ის, რის გამოც მედიაცია მიმზიდველია და ასეთი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ევროპაში ამბობენ  “Alternative dispute resolution is in vogue.”
სასამართლო პროცესების გაჭიანურება, არაეფექტურობა და სიძვირე, ნათელს ხდის, რომ მედიაციის ინსტიტუტის არსებობა საქართველოში არა მხოლოდ სასურველი არამედ აუცილებელიცაა. როგორც ერთი  ფრანგული ანდაზა ამბობს: ცუდი მოლაპარაკება უკეთესია, ვიდრე კარგი პროცესი. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ფრანგული სიბრძნე სრულიად ესადაგება ქართულ რეალობას.
მედიაციაზე შეიძლება კიდევ ბევრი გელაპარაკოთ, თუმცა ამით ზედმეტად გამიგრძელდება პოსტი, ამ ეტაპისთვის დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მედიაცია ერთის მხრივ არის სტრუქტურირებული პროცესი, რომელსაც თავისი ფაზები და სტადიები აქვს და შესაბამის გარემოში იმართება, მეორეს მხრივ კი ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მედიაცია შეიძლება ვუწოდოთ დედის მიერ თავისი მოდავე შვილების შერიგებას, კონფლიქტში მყოფი მეზობლების მორიგებას მესამე ნეიტრელური და მიუკერძოებელი მეზობლის მიერ, ორი ურთიერთდაპირისპირებული ამხანაგის შერიგებას მათივე მეგობრის მიერ და სხვა.





რუსუდან ოთიაშვილი
























3 comments:

  1. momewona dzalian yochag rusoo :*

    ReplyDelete
  2. რუსო შენ ხარ მარგალიტი ^_^

    ReplyDelete